ფოთში დააკავეს პირი რომელმაც 3 ტონა საწვავი მიითვისა

ფოთში დააკავეს პირი რომელმაც 3 ტონა საწვავი მიითვისა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ფოთის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მატარებლის ვაგონის ავზიდან, ფარულად ჩამონტაჟებული მილის მეშვეობით, 3 000-მდე ლიტრ საწვავს უკანონოდ დაეუფლა.

პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი, ბრალდებულის სახით დააკავა და ნაქურდალი საწვავი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და დაკავების მიზნით, აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მე-2 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

12 მაისი 2026
სრულად
ვანდალიზმი ფოთში | დააზიანეს გზის სატკეპნი ტექნიკა

ვანდალიზმი ფოთში | დააზიანეს გზის სატკეპნი ტექნიკა

ფოთში, ელადას ქუჩაზე ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა. დაზიანებულია გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მომუშავე სატკეპნი ტექნიკა. ტექნიკას ჩამსხვრეული აქვს მინები.

შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. არც ერთი მსგავსი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე.

ფოთის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, გაუფრთხილდეს საზოგადოებრივ ქონებას, რომელიც ქალაქის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას ემსახურება.

2 მაისი 2026
სრულად
რაზე იზრდება ჯარიმები დღეიდან l დეტალურად

რაზე იზრდება ჯარიმები დღეიდან l დეტალურად

დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის ფონზე, საგზაო უსაფრთხოება კვლავ გამოწვევად რჩება - მიუხედავად მიღწეული პროგრესისა, საქართველოში ყოველწლიურად საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება, ან იღებს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას. მხოლოდ გასულ - 2025 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 469 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 8 191 ადამიანი დაშავდა.

არსებული სანქციების გამკაცრება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების კომპლექსურმა ანალიზმა, საქართველოს გზებზე სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა განაპირობა.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით გაიზარდა სანქციები ცალკეულ სამართალდარღვევებზე, კერძოდ:

• 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით;

• 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ის სიჩქარის გადაჭარბებისთვის;

• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის, ამავდროულად, ამ სამართალდარღვევისთვის მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 10 ქულით;

• 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილურით სარგებლობისთვის;

• დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად, 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმის ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებსა, ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის;

• დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვია საცობის შექმნა, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას;

• 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან/და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის, იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის.

• ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში - 10 ლარით.

• ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა;

• ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ამკრძალავ ნიშანს − „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა.

ახლებურად განისაზღვრა „BUS LANE“-ზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები, კერძოდ:

• „BUS LANE“-ზე მოძრაობა, არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად, დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება;

• საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ „BUS LANE“-ზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება.

1 მაისი 2026
სრულად
სუს: დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს „ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი

სუს: დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს „ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი

სუს-მა დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე, შპს "ენგურჰესში" შემავალი შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი დააკავა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა პირმა გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა და ჩადენილი დანაშაული აღიარა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულია შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი.

საყურადღებოა, რომ ხსენებული შპს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ოპერირებს.

დაკავებულმა პირმა სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა ჩადენილი დანაშაული.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათთვის, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენებით შეძლებს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვას: მსგავსი დანაშაული არ დარჩება რეაგირების გარეშე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენის შემთხვევაშიც კი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

23 აპრილი 2026
სრულად
ზუგდიდში პოლიციამ განძრახ მკვლელობის ბრალდებით 59 წლის მამაკაცი დააკავა

ზუგდიდში პოლიციამ განძრახ მკვლელობის ბრალდებით 59 წლის მამაკაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1967 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 4 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა - 1953 წელს დაბადებულ ზ.ნ.-ს და შემთხევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული დაზიანებების შედეგად ზ.ნ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

5 აპრილი 2026
სრულად
ზუგდიდში დააკავეს პირი რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა

ზუგდიდში დააკავეს პირი რომელიც მიმალვაში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში მრავარლეჯ ნასამართლევი, 2025 წლიდან ძებნილი, 1978 წელს დაბადებული ლ.გ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა ლ.გ. ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ქალაქ ზუგდიდში დააკავეს.

მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

27 მარტი 2026
სრულად
პატარ ფოთში თევზის სესაბოლი არალეგალური საწარმო გამოვლინდა

პატარ ფოთში თევზის სესაბოლი არალეგალური საწარმო გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა. შესაბოლ არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინდა.

მცირე მეწარმე ლ. ე. საქმიანობდა საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების გარეშე; გარდა ამისა, ინსპექტირებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები: ჰიგიენური ნორმების დარღვევა; საწარმოს ინფრასტრუქტურის, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის გაუმართაობა; დაბინძურებული ინვენტარი; ბიზნესოპერატორი თევზის შებოლვასა და შრობას აწარმოებდა რისკისშემცველი მეთოდით.

აღნიშნული დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და, კრიტიკული შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ამოღებულია 500 კილოგრამამდე ნედლი და შებოლილი ქაფშია, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

10 მარტი 2026
სრულად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სვანეთიდან ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სვანეთიდან ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში ორი სამართალდარღვევა დაფიქსირდა. მოქალაქეებს, მესტიიდან ზუგდიდის მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებით სვანეთში უკანონოდ მოპოვებული და გადამუშავებული, დაახლოებით, 7კუბურ მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) გადაჰქონდათ. ორივე შემთხვევაში სამართალდამრღვევებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებში სპეციალური სამალავი ჰქონდათ მოწყობილი. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.

ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

„გამკაცრებული კონტროლის გამო, ბრაკონიერები სამართალდარღვევის სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ და ცდილობენ, სხვადასხვა ტიპის, მათ შორის ბენზინმზიდის, სამარშრუტო მიკროავტობუსის საშუალებით, შენიღბულად განახორციელონ ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება. მიუხედავად ამისა, დეპარტამენტის მიერ არაერთი ფაქტია გამოვლენილი და აღკვეთილი. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, 2025 წელს დეპარტამენტმა უკანონო ტყითსარგებლობის 300-მდე ფაქტი გამოავლინა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზვიად შურღაიამ.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

10 მარტი 2026
სრულად
სუს-ის მიერ 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი

სუს-ის მიერ 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად, 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი.

პირველი საქმე: ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, დაკავებულია ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ერთი მოქალაქე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირის დახმარებით, ახმეტის რაიონის სოფელ კასრისწყალში საკარანტინე სივრცის მოსაწყობად, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 3 000 ლარი.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25, 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეორე სისხლის სამართლის საქმე: ქობულეთში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, დაკავებულია ორი ადამიანი, მათ შორის არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლის - სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ "ახალი ტალღის" პროფესიული კურსის კოორდინატორი, რომელმაც მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირთან წინასწარი შეთანხმებით, ერთ პირს პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მესამე საქმე ეხება თბილისში სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის მცდელობის ფაქტს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი.

გამოძიებით გამოვლინდა, რომ მეხანძრე-მაშველი, სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით, საბერძნეთის მოქალაქეს სავაჭრო ჯიხურის გასახსნელად, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ქირით აღებასა და შემდგომ საქმიანობაში მფარველობას დაჰპირდა. სანაცვლოდ 5 000 ლარი მოსთხოვა და წინასწარ 1 300 ლარი გამოართვა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეოთხე საქმე: დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების, სამსახურებრივი სიყალბისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ორ სპეციალისტს სოფელ ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ბრალდება წარედგინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა შეადგინეს მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ყალბი ოქმი, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს კუთვნილი, 13 500 ლარის ღირებულების 2 560 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 341-ე და 342-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეხუთე სისხლის სამართლის საქმე: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე პასუხისგებაშია მიცემული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში და ამავე მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი წარმომადგენელი სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სოფელ ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ყალბი ცნობა გასცა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 6 300 ლარის ღირებულების 1 900 კვ.მ და 22 800 ლარის ღირებულების 6 620 კვ.მ მიწის ნაკვეთები. ყალბი ცნობა გასცა ამავე მუნიციპალიტეტის ყოფილმა წარმომადგენელმა სოფელ ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, რის შემდეგაც მოქალაქემ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3 216 კვ.მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში დაირეგისტრირა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეექვსე: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოყურეშის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის ყოფილ წარმომადგენელს, რომელმაც გასცა ყალბი ცნობა, რომლის საფუძველზეც მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 165 930 ლარის ღირებულების 11 448 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეშვიდე საქმე: სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდება წარედგინა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მერის ყოფილ წარმომადგენელს სოფელ ყარაჯალარის ადმინისტრაციულ ერთეულში. მის მიერ გაცემული ყალბი ცნობის საფუძველზე, მოქალაქემ თაღლითურად დაირეგისტრირა 8 840 კვ.მ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ოთხი მიწის ნაკვეთი, რომელთა ღირებულება 67 060 ლარს შეადგენდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 341-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მერვე სისხლის სამართლის საქმე: ბრალდება წარედგინა მცხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს სამსახურებრივი სიყალბისა და დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების ფაქტზე.

ბრალდებულმა მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების აქტი შეადგინა, რომელშიც არასწორი ინფორმაცია შეიტანა, თითქოს მცხეთაში მდებარე მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა დაინტერესებული პირის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ, საოჯახო მეურნეობის მოსაწყობად გაცემულ მიწის ნაკვეთს, რის საფუძველზეც მოქალაქემ საკუთრებაში უკანონოდ დაირეგისტრირა 92 636 ლარის ღირებულების 217 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეცხრე საქმე: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, პასუხისგებაშია მიცემული მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელი და ერთი მოქალაქე.

გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის რამდენიმე ნაწილად დაყოფა-გამიჯვნის საკითხის თითქოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომელმა და მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მოქალაქისგან მოითხოვეს 60 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღეს 5 000 აშშ დოლარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეათე: დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების, ასევე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინსპექტირების ჯგუფის თავმჯდომარეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომელს, ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, ასევე კონტრაქტორი კომპანია შპს „არტიფექსის“ დირექტორს და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტ ექსპერტის“ ექსპერტს ბრალდება წარედგინათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ახმეტის N2 და N4 საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, ინსპექტირების ჯგუფის წევრებმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულეს და ინსპექტირების ორგანო შპს „ლტ ექსპერტის“ ექსპერტის დახმარებით, ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, შპს „არტიფექსის“ დირექტორი მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 22 242 ლარს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და 342-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეთერთმეტე: დიდი ოდენობით თაღლითობის, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებისა და სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტებზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ასევე, ამავე მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „სენაკის საფეხბურთო კლუბის“ დირექტორსა და მის მოადგილეს ბრალდება წარედგინათ.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით ეკრძალებოდა პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს დაარსება და მის მართვაში მონაწილეობა, დააარსა და ფლობდა კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც ფორმალურად რეგისტრირებული იყო მისი მეუღლის სახელზე, ხოლო კომპანიის საქმიანობას იგი ერთპიროვნულად წარმართავდა და სამსახურებრივ მფარველობას უწევდა.

აღნიშნული კომპანიის მეშვეობით მან მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა ა(ა)იპ „სენაკის საფეხბურთო კლუბის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვითაც, ევალებოდა საფეხბურთო კლუბ „ეგრისის“ ფეხბურთელების სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯების მომსახურება. საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, საფეხბურთო კლუბის დირექტორსა და მის მოადგილესთან წინასწარი შეთანხმებით, შეადგინა მომსახურების გაწევის ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტები, დოკუმენტებში გაწეული მომსახურების გაზრდილი ოდენობების შესახებ ყალბი ინფორმაცია შეიტანეს, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ 21 212 ლარს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 337-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეთორმეტე საქმე: წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგისა და ანგარიშსწორების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ორ წევრი, ასევე, სამუშაოებზე ზედამხედველი კომპანიის ორი ექსპერტი და სამუშაოების შემსრულებელი ორი კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი პირები.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა არასრულყოფილად, რა დროსაც ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო კომპანიის ხელმძღვანელი პირები სახელმწიფოს კუთვნილ თანხებს თაღლითურად დაეუფლნენ.

აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო განაგრძობს მუშაობას ყველა სახის კორუფციული დანაშაულის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, ვიდრე არ მივაღწევთ ქართული სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს - საქართველო იყოს ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში კორუფციის დაბალი დონით“, - აღინიშნა ბრიფინგზე.

9 მარტი 2026
სრულად
ზუგდიდში არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ ფისკულტურის მასწავლებელს წინაწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდში არასრულწლოვნებთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავებულ ფისკულტურის მასწავლებელს წინაწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების მიმართ, ძალადობის გარეშე ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლად მუშაობდა, 2024-2025 წლებში, თოთხმეტი და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ხუთი მოსწავლის მიმართ, ნდობის, ავტორიტეტული და გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2025 წლის 12 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით - ექვსი ეპიზოდი) და 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ძალადობის გარეშე სრულწლოვანის გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ნდობის, ავტორიტეტული ან გავლენიანი მდგომარეობის გამოყენებით - ორი ეპიზოდი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში

6 მარტი 2026
სრულად