ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი გადადგა – შეთანხმების დეტალები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია დაკავებული თანამდებობიდან, გვიან ღამით 4 საათისთვის გადადგა. შესაბამისი განცხადება აფხაზურ ტელეგრამ არხებზე რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
ბჟანიას გადადგომას წინ ერთ კვირიანი აქციები უძღოდა, წუხელ კი მოლაპარაკებების შემდეგ ასლან ბჟანია იძულებული გახდა გადამდგარიყო. პროტესტი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. აპარტამენების კანონს მოჰყვა, რაც ოკუპირებულ ბიჭვინთაში მიწების რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაში გადასვლას ეხებოდა, რასაც ოპოზიცია და მოსახლეობა აპროტესტებდა. ბჟანიას ,,გუნდმა” ე.წ. კანონი განსახილველად რამდენჯერმე გამოიტანა, პროტესტის ფონზე მათ ,,კანონპროექტის” გაწევევა გასული წლის ბოლოსაც მოუწიათ.
ბჟანიას მსგავსად ე.წ. ოპოზიციაც რუსეთს ერთგულებას ეფიცება. მათ რუსეთის ერთგულება არაერთხელ დააფიქსირეს.
ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით:
▫️ 1. აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგა.
▫️ 2. ე.წ. სამთავრობო შენობებში და შენობების მიმდებარედ შეკრებილი მოქალაქეები დაიშლებიან.
▫️ 3. აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის სახალხო კრება – ე.წ. პარლამენტი 2024 წლის 19 ნოემბერს განიხილავს ბჟანიას გადადგომის საკითხს და დააკმაყოფილებს მის განცხადებას.
▫️ 4. ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ხდება აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი გუნბა ბ.ზ.
▫️ 5. აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გუნბა ბ.ზ. წარდგენილი განცხადების შესაბამისად თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის ,,პრემიერ-მინისტრს” და ამავე დროს ამ თანამდებობაზე ინიშნება ბგანბა ვ.რ.
ამჟამინდელი ,,მინისტრები” კი ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევამდე მუშაობენ.
▫️ შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა გუნბამ, ე.წ. სახალხო კრების თავმჯდომარემ – ლაშა აშუბამ, ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ ხეციამ, ოპოზიციის ლიდერებმა ადგურ არძინბამ, კან კვარჩიამ, ლევან მიქამ და ე.წ. სახალხო კრების ,,დეპუტატებმა”.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 3 თვის განმავლობაში გაიმართება.




