აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის დირექტორი და ბუღალტერი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, ორი პირი დააკავეს – ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველომ გამოძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მომართვის საფუძველზე დაიწყო.
„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „აფხაზეთის №15 საჯარო სკოლის“ დირექტორმა და ამავე სკოლის ბუღალტერმა, 2015-2023 წლებში თითქოსდა სამივლინებო, სამეურნეო, ასევე თანამდებობრივი სარგოსა და დანამატის დანიშნულებით, როგორც საკუთარ, ასევე მათთან დაკავშირებული სხვა პირების საბანკო ანგარიშებზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ზედმეტად ჩარიცხეს 533 576 ლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ. აღნიშნული ქმედებით, ბრალდებულებმა საგანმანათლებლო დაწესებულებას დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიაყენეს”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.




