ზუგდიდის მერი სეს-ის წარმომადგენლებს შეხვდა – აგრარულ ბაზარში და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში უნდა გაძლიერდეს მონიტორინგი

„ზუგდიდში მოქმედ კვების ობიექტებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, განსაკუთრებით აგრარულ ბაზარში და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში უნდა გაძლიერდეს, საჭიროა კიდევ უფრო ხშირი მონიტორინგი, რათა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული“ – ამის შესახებ ზუგდიდის მერმა დავით კოდუამ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხდა. მერმა სეს-ის თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მზაობა გამოთქვა მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
მერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ბლოკების სანიტარული პირობების მაქსიმალური მონიტორინგი.
„მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა ნორმა დაცული გვქონდეს, მიუხედავად ამისა საჭიროა მუდმივი კონტროლი, ამიტომაც გვინდა თქვენი მაქსიმალური ჩართულობა, რათა ჩვენი მომავალი თაობის კვების და სანიტარული ნაწილი მაღალ დონეზე იყოს უზრუნველყოფილი“ – განაცხადა ზუგდიდის მერმა შეხვედრაზე.
დავით კოდუამ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი არის უსაფრთხო გარემოს შექმნა, სადაც მოქალაქეები მიიღებენ მომსახურებას, რომელიც ყველა მიმართულებით სრულად შესაბამისობაში იქნება სეს-ის მიერ დადგენილი სტანდარტების. მერმა სააგენტოს თანამშრომლებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
დავით კოდუას განცხადებით, საჭიროა მუნიციპალურ დონეზე შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება და შეიმუშავებს დეტალურ სამოქმედო გეგმას, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის უფლება და უსაფრთხოება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, მათი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურების ერთობლივი მონიტორინგი საშუალებას მისცემს სააგენტოს დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას არსებული პრობლემები.
შეხვედრას, ზუგდიდის მერის მოადგილე ბესიკ ჭეჟია, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.




