დათო კოდუა აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარესთან და რეგიონის გუბერნატორთან ერთად დევნილებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ დათო კოდუასთან, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან და აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მათი მოსაზრებები და საჭიროებები მოისმინეს და იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიასთან ყველაზე ახლოს მყოფი მუნიციპალიტეტია, რომელიც ყველაზე დიდ დახმარებას უწევს ჩვენს მეგობრებს, დევნილ მოსახლეობას. ზუგდიდში, დაახლოებით, 42 -მდე დევნილთა დასახლება გვაქვს. ერთ-ერთში დღეს ვიმყოფებით. ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა აქ მცხოვრებ მოსახლეობასთან.
მადლობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს, რომელიც მუდმივად გვერდში გვიდგას, მუდმივად ეცნობა ამ ადამიანების პრობლემებს, ყოველდღიურობას, თუ რა სჭირდებათ მათ.
ჩვენ ერთობლივად მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს მყისიერად მოუგვარდეთ ის პირველადი პრობლემები, რაც მათ გააჩნიათ. ეს პროცესი კიდევ უფრო კოორდინირებულად წარიმართება, რათა უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი ჩვენმა დროებით დევნილმა მოქალაქეებმა“ – განაცხადა დათო კოდუამ.
„ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან. დღეს ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში ვიმყოფებით და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ვეცნობით.
აფხაზეთის მთავრობისთვის დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათთვის განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, თითოეულ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს მივცეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა და ამ პროცესში ჩვენთან ერთად აქტიურ მხარდაჭერას გვიცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.




