მალხაზ არქანიას წამების საქმეზე ალექსანდრე მუხაძე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძეს (მეტსახელად „ქილერას“) პატიმრის წამების ფაქტზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. საქმე ეხება ოკუპირებული გალის მკვიდრის მალხაზ არქანიას წამების ფაქტს. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად:
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება და ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა მოსთხოვეს.
სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ, დაზარალებულს ერთ-ერთი პატიმრის მიმართ სექსუალურ ძალადობას აყურებინეს და დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა. ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის საკმარისად ამომწურავი არ აღმოჩნდა, რის გამოც აიძულეს პატიმარი თავის დაწერილი ჩვენება შეეჭამა. შემდეგ კი დაზარალებულს სექსუალური ძალადობის ინსცენირება მოუწყვეს, რაც კამერით გადაიღეს.
ე.წ. ტერაქტში თითქოსდა მხილებულ სხვა პირებთან ერთ-ერთი დაპირისპირების დროს, მეგის ქარდავამ პატიმარს თავზე პისტოლეტი დაადო და დახვრეტის იმიტაცია მოახდინა.
ცემის, წამების, სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების და ფიზიკური შეურაცხყოფის გაგრძელების შიშით, დაზარალებული იძულებული გახდა ხელი მოეწერა მისი მწამებლებისთვის ხელსაყრელი აღიარებითი ჩვენებისთვის.
განხორციელებული წამების არაერთი ფაქტის გამო, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა“ – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსგავსი სიახლეები

მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, ასევე დაემატა ელიტური კორუფციის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე მეგის ქარდავას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა


