ზუგდიდის მერია დამატებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩარიცხულ 10 სტუდენტს ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს

ზუგდიდის მერიის ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის კომისიამ 10 ახალგაზრდა დააფინანსა. გარდა ამისა, 2024-2025 სასწავლო წლის მერის სტიპენდია 104 სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდა 80 ახალგაზრდა. კომისიის სხდომა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს:
„ნინო გვალია წარჩინებით სწავლობს აშშ-ში, სან- დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოქიმიის სადოქტორო პროგრამის მეორე კურსზე. ნინო მუშაობს სამაგისტრო კვლევაზე, ჯონას სალკის სახელობის ბიოლოგიის ინსტიტუტის ნეირომეცნიერების დეპარტამენტში. მონაწილეობს არაერთ ბიოქიომიურ კვლევასა და კლინიკურ ცდებში. ასევე, მუშაობს პროფესორის ასისტენტად, ატარებს ლექცია-სემინარებს.
მარიამ ბულია ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის მეორე კურსის სტუდენტია.
ალიკო ბერაია სწავლობს ლონდონში. ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სპეციალობის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტია.
ვერიკო ბერანძე ერასმუსის პროგრამით 2025 წლის მარტიდან სწავლობს ლუბლიანას ბიზნეს სკოლაში.
ელენე აჩბა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. ელენე, გაცვლითი პროგრამით სწავლობს საუდის არაბეთში, ელ-რიადის მეფე სალმანის გლობალური აკადემიის აბჯადის ცენტრში, არაბული ენის პროგრამაზე.
მარიკა ჯალაღონია რომის საპიენცას უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია.
კონსტანტინე ხარჩილავა არის საფრანგეთის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტი.
მარიამ ქობალია არის ერასმუსის გაცვლითი პროგრამის სტუდენტი, მილანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის 5-თვიან პროგრამაზე.
მუშნი მანია სწავლობს სომხეთის ქალაქ ერევნის ჰაიბუსკის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტზე.
არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა გიორგი ქანთარია. გიორგი მიწვეულია გერმანიის ქალაქ ჰამბურგის მაქს პლანკის შედარებითი და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, სადოქტორო კვლევის ნაწილის მოსამზადებლად.
ბავშვებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია:
ახალგაზრდების (სტუდენტების) ფინანსური ხელშეწყობა – მერის სტიპენდია;
ქვეყნის ფარგლებს გარეთ სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერა;
არაფორმალური განათლებისა და პროფესიული შესაძლებლობების განვითარების ფინანსური ხელშეწყობა საბუნებისმეტყველო, ტექნიკურ, ჰუმანიტარულ და ტექნოლოგიურ სფეროებში განსაკუთრებული შესაძლებლობების და მიღწევების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემა.“
ახალგაზრდული პროგრამები დეტალურად იხილეთ აქ: https://shorturl.at/bVc5T






