ხარჩილავა თანამშრომლების დაკავებაზე: ვართ დაინტერესებული, რა მოხდა და უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან!

წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა, წალენჯიხის მერის ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტთან დაკავშორებით განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
„1.წალენჯიხის მერიის პრიორიტეტი თავიდანვე იყო კორუფციასთან ბრძოლა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,რომ მერიაში ამოძირკვულია მისი სისტემური ხასიათი და ეს გახლავთ ამ წლებში ერთეული,ერთადერთი ფაქტი!
2.ორივე მათგანი,(დაკავებული),დიდი ხნის თანამშრომლები არიან და აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით.
3.ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული,რა მოხდა და უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან!ძალიან ვთხოვ ყველას,გამოძიების დასრულებამდე,თავი შევიკავოთ მთლიანად მერიის რეპუტაციული ზიანისგან!” – ნათქვამია წალენჯიხის მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში მდებარე 1550 კვ/მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გამოტანის სანაცვლოდ, მათ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე“ – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



