ზუგდიდელმა სპორტსმენებმა კონტინენტურ პირველობაზე წარმატებებს მიაღწიეს

საბერძნეთში გამართულ კონტინენტურ პირველობაზე საქართველოს ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა.
ტაილანდურ კრივში ევროპის ჩემპიონატზე, დავით ქირიას ხელმძღვანელობით, ნაკრების წევრებმა ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო მოიპოვეს.
ზუგდიდის მერი დავით კოდუა წარმატებულ სპორტსმენებს- ნიკა ჭაფანძეს, ნიკა ბერაიას, გიორგი მალანიას, გიკა ხუბუტიას და ნიკოლოზ წურწუმიას, კიკბოქსინგში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონ დავით ქირიასთან და მათ მწვრთნელებთან ერთად შეხვდა.
მერმა სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მიღებული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.
„გილოცავთ გამარჯვებას და მომავალ წარმატებებს გისურვებთ. ჩვენთვის სპორტის მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ზუგდიდის მერია, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ზრუნვას,“ – განაცხადა დავით კოდუამ.








