მაკა ბოჭორიშვილი: უპრეცედენტოდ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებზე, საჯარო მოხელეებზე. მათ აიძულებენ, რომ რაღაც პოზიციები დააფიქსირონ საჯაროდ და ამით გახდნენ პოლიტიკური მანიპულაციების ობიექტები თუ სუბიექტები

უპრეცედენტოდ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებზე, საჯარო მოხელეებზე. მათ აიძულებენ, რომ რაღაც პოზიციები დააფიქსირონ საჯაროდ და ამით გახდნენ პოლიტიკური მანიპულაციების ობიექტები თუ სუბიექტები, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან ძალიან მიზანმიმართული შეტევა მიდის საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებზე. მე საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც ღირსეულად დგას და უძლებს ამ ზეწოლას. მინდა მათაც მივმართო, ვინც გარკვეულწილად მოქცეულია ამ ზეწოლის ქვეშ, რომ გაიაზრონ კარგად, რასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჩვენი საერთო მიზანი, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.
თუ ვინმეს აქვს პოზიციები, თუ ვინმეს აქვს თუნდაც განსხვავებული მოსაზრებები გარკვეულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, კარი ყოველთვის ღიაა, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია გვქონდეს ამ საკითხებზე ჯანსაღი დისკუსია, პოზიციების დაფიქსირება და ეს დარჩეს უწყების შიგნით, დარჩეს სამუშაო პროცესში, ვინაიდან ყველაფერი, რაც კეთდება უკვე საჯარო სამსახურებში საჯაროდ, არის სამწუხაროდ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოყენებული.
მე მხარდაჭერას ვუცხადებ ყველას, არ აქვს მნიშვნელობა მოაწერეს თუ არ მოაწერეს ხელი, ყველა ერთნაირად არის გარკვეული ზეწოლის მსხვერპლი. ყველაზე ერთნაირად ხორციელდება ზეწოლა და ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სისტემის სიძლიერე და გავუძლოთ ამ შემოტევას.
ეს არ ხდება მხოლოდ ქვეყნის შიდა ძალების მხრიდან, ჩვენ არაერთი განცხადებაც ვიხილეთ, როდესაც სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან ხდება მეორე სუვერენული ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ერთგვარად გავლენის მოხდენის მცდელობები. ეს ძალიან სამწუხაროა, მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს დიპლომატებთან, ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა ისინი განსაკუთრებით საჭიროებენ ჩვენს მხარდაჭერას .
ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ გამოწვევასაც გავუმკლავდეთ. ესეც ალბათ არის რაღაც ისეთი ეტაპი, რომელიც უნდა გადავიაროთ და აქედან გამოვალთ უფრო ძლიერები“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება და სიმბოლურია, რომ მისი მთავარი თემა იქნება მშვიდობა და ტურიზმი და რომ სწორედ ჩვენი ქვეყანაა არჩეული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად

ირაკლი კობახიძე: ჩვენი გზა არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირისკენ და ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია ევროკავშირის წევრობა


