სოფელ მარანში კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანს ეწვია და კულტურის სახლის უნიკალური შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. მინისტრთან ერთად სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, აბაშის მერი გიგა გაბელაია და შპს „იუკონი და კომპანიის“ დირექტორი მაყვალა აბულაძე.
მინისტრის გადაწყვეტილებით მარნის კულტურის სახლს სრული რეაბილიტაცია უტარდება, რის შემდეგაც იგი თანამედროვე სტანდარტის მულტიკულტურულ ცენტრად იქცევა და რეგიონის მასშტაბით არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო კულტურულ პროექტს უმასპინძლებს. შენობა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია რეგიონში და მას 2016 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ის იტალიელმა არქიტექტორებმა ააგეს.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს ინიციატივით 2021 წლის დეკემბერში მარნის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა, რისთვისაც სამინისტრომ 133,331 ლარი გამოყო.
კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ორი ეტაპი უკვე დასრულებულია, ამჟამად მიმდინარეობს ბოლო, მესამე ეტაპი.
ორი ეტაპის სამუშაოებისთვის დაიხარჯა 1,868,048.45 ლარი (პირველ ეტაპზე – 1,066,078.61 ლარი, მეორე ეტაპზე – 801,969.84 ლარი). მიმდინარე ეტაპის სახელშეკრულებო ღირებულებაა 2,832,920.27 ლარი, საიდანაც ამ ეტაპზე ათვისებულია 392,117.57 ლარი. სამუშაოების დასრულება იგეგმება 2024 წლის ზაფხულში.
ორი ეტაპის შედეგად შესრულებულია შემდეგი სამუშაოები: გვიანდელი მინაშენების დაშლა და ტერიტორიის გაწმენდა (სახურავის, იატაკის, ტიხრების, გვიანდელი მიშენებული შენობის, ეზოში არსებული საპირფარეშოს და სხვა); შენობა-ნაგებობების საძირკვლისა და მზიდი კედლების გამაგრება; სცენის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების მოწყობა და ფლიგელის მიშენება; შენობა-ნაგებობების სახურავის მოწყობა; საინჟინრო-კომუნალური შიდა ქსელების გამართვა; საქვაბის, საქლორატოროს, სატუმბო სადგურის, სამარაგო რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები; ბიოლოგიურად გამწმენდი ნაგებობის მოწყობა; სასმელი წყლის ჭაბურღილის გამართვა; გარე წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის მოწყობა; სახანძრო გარე ქსელის გამართვა; ელ. მომარაგება, გათბობა, გაგრილება, ვენტილაციისა და გარე განათების მოწყობა.
რაც შეეხება მიმდინარე ბოლო ეტაპს, გათვალისწინებულია: ფასადების რეაბილიტაცია; შიდა სარემონტო სამუშაოები; შენობის მხატვრობის, დეკორატიული ორნამენტებისა და სხვა ღირებული ელემენტების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები; ნაგებობის ტექნიკური აღჭურვა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.
ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „იუკონი და კომპანია“ ახორციელებს.
რესტავრაცია-რეაბილიტაციის შედეგად სრულად შენარჩუნდება და აღდგება შენობის ისტორიული იერსახე, შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში შემორჩენილი ყველა არქიტექტურული თუ მხატვრული ელემენტი.
აღსანიშნავია, რომ სოფელ მარანში მდებარე უნიკალური კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია 2021 წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, აბაშის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას გადაწყდა. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას აუწყა, რომ კულტურის სამინისტრომ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის წევრის, ლევან მგალობლიშვილის, ინიციატივა და გადაწყდა სოფელ მარნის კულტურის სახლის აღდგენა. უნიკალური შენობის რეაბილიტაციის წარმართვა კი ამ დაპირების შესრულებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
ინფორმაციისთვის – სოფელ მარნის კულტურის სახლი აგებულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირთან. 1980-იან წლებში განხორციელებული კაპიტალური რემონტისა და გადაკეთების გამო, ამჟამად XX საუკუნის დასაწყისის შენობის ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კლუბი, მოზრდილი სცენით, სადაც თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა და კინოფილმების ჩვენებები ეწყობოდა; მის კედლებსა და ჭერში მუზები არიან გამოსახულნი.




