ფოთის შემდეგ ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება იგეგმება

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ცენტრსა და რეგიონებში შიდა პარტიული დაპირისპირება გრძელდება. ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დარეჯან ცხვიტარიას თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ პარტიის ახლანდელი ხელმძღვანელი ლევან ხაბეიშვილის ფლანგი, ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებას უპირებს მაია კალანდიასაც, რომელიც ენმ-ის ფრაქციას ზუგდიდის საკრებულოში ხელმძღვანელობს. ინფორმაციას STV.GE-ს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა დაუდასტურა. ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ მაია კალანდიას და საკრებულოში ენმ-ის კვოტით გასული დეპუტატების უმრავლესობა პარტიის შიდა დაპირისპირებას აღვივებენ, ეწინააღმდეგებიან პარტიის შინაგანაწესსა და ახალ მენეჯმენტს, რის გამოც უახლოეს დღეებში დაგეგმილია მაია კალანდიას ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენება.
რა ფორმით მოხდება მაია კალანდიას არსებული თანამდებობიდან გადაყენება უცნობია, რადგან ფრაქციაში შემავალი დეპუტატების უმეტესობა ლევან ხაბეიშვილის გუნდის წინააღმდეგია. შესაბამისად ფრაქციიდან კალანდიას გადაყენება მისი პარტიიდან გარიცხვითაა შესაძლებელი. რა გზას მიმართავს ნაცმოძრაობის არსებული პოლიტიკური მენეჯმენტი კალანდიას მოსაშორებლად ჯერ უცნობია.
რა ბედი ეწევა სხვა დეპუტატებს ჩვენი წყაროსთვის უცნობია. მისი განმარტებით ზუგდიდში განსაკუთრებულად რთული ვითარებაა, რადგან ფრაქციის უმეტესობა არსებული მენეჯმენტის წინააღმდეგაა და მათი პარტიიდან გათავისუფლების საკითხი ცალკე განხილვის საგნადაა ქცეული.
მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის საკრებულოს შემდეგ „ქართული ოცნება“ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს იწყებს

“ენმ” ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს


