589 მილიონი დოლარი – ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სავარაუდო ღირებულება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზისთვის 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული. თუმცა მინისტრი აქვე განმარტავს, რომ ეს პირველადი თანხაა და გამორიცხული არ არის შემცირდეს, რადგან უნდა გამოცხადდეს ტენდერი და განმახორციელებელი კომპანია კონკურსის პირობებით შეირჩევა.
„2023 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში უკვე არის ასახული მიმდინარე წელს 20 მლნ ლარი, ანაკლიის განვითარებისთვის და ასეც იყო მოსალოდნელი, რადგან პროცედურის შესაბამისად, ჩვენ ვხედავდით, რომ ბოლო კვარტალამდე ეს ხარჯები გასაწევი არ გვექნებოდა და ბიუჯეტს ვგეგმავთ უფრო კონსერვატიულად. რაც შეეხება პროექტის ბიუჯეტს, პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელდება და შესაბამისად, იმ ნაწილზე, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს, მონაცემები ბიუჯეტში იქნება წარმოდგენილი.
საკონსულტაციო სამუშაოებისთვის გათვალისწინებული იყო დაფინანსება ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტში, ესეც შესაბამისობაშია ბიუჯეტის კანონთან. განახლებულია მათ შორის პროექტის წინასწარი ხარჯთაღრიცხვა. ჩვენმა კომერციულმა საკონსულტაციო კომპანია MTBS-მა განაახლა და ტენდერის პირობებში მოხდება ამ რიცხვების ცვლილება და იმედი გვაქვს შემცირდება, თუმცა პროექტის პირველი ფაზისთვის, პირველადად, 589 მლნ დოლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს

იუსტიციის სამინისტრო: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს – მათ საქართველოს 6.5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადონ


