ექსკლუზივი: „ნაციონალების“ წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ავთანდილ (ტუზა) გაბელიამ „ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და უარს აცხადებს შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობაზე. ავთანდილ გაბელია ამავდროულად წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტსაც იკავებს.
გთავაზობთ გაბელიას განცხადებას:
„ძვირფასო წალენჯიხელებო, ძვირფასო ამომრჩევლებო. მოგახსენებთ, დღეს 9 მაისს ,, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა. დღეს ასევე ჩავატარეთ წალენჯიხის საკრებულოს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ფრაქციის სხდომა და მინდა მოგახსენოთ ჩემი გადაწყვეტილება.
მე, ავთანდილ გაბელია წალენჯიხის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე და დამფუძნებელი, უარს ვაცხადებ შიდაპარტიულ არჩევნებში კანდიდატად რეგისტრაციაზე, შესაბამისად ვტოვებ თავმჯდომარის თანამდებობას.
მიმაჩნია, რომ დღეს შიდაპარტიული არჩევნების ჩანიშვნისა და ხელოვნურად დაყოფის დრო არ არის, მაშინ როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უმძიმესია და ქვეყნის მომავალი გაურკვეველი.
ამ მძიმე დროს მნიშვნელოვანი იყო ყველა რესურსი ერთიანობისკენ ყოფილიყო მიმართული.
ბოლო პერიოდ ში ნაციონალურ მოძრაობაში არაჯანსაღი პროცესები შეინიშნება, რაც აისახება თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას მხარდამჭერთა მიმართ დისკრიმინაცის შექმნისა და ტექნიკური რესურსების შეზღუდვაში შიდაპარტიული დემოკრატიული პრინციპების საწინააღმდეგოდ.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წალენჯიხის გუნდმა ჩემი ხელმძღვანელობით, ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა და ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია, დაამარცხა რა სახელისუფლებო პარტია, როგორც მერის, ასევე პარტიული შედეგით, რისთვისაც მადლობას ვუხდი ჩვენს გუნდს და თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს.
დღეს მე ვტოვებ პარტიულ თანამდებობას პარტიაში, რომლის განვითარებას არაერთი წელი მოვანდომე. ამასთანავე, ვრჩები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში რიგით წევრად და აქტივისტად მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლაში. პარალელურად ვაგრძელებ საკრებულოში ხალხის მიერ მონიჭებული მანდატით პარტიულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას.
მადლობა, თითოეულ წალენჯიხელ ამომრჩეველს გულწრფელი მხარდაჭერისთვის, ღმერთია მოწმე თქვენი ნდობა და სიყვარული მატერიალურ საკითხებში არასოდეს გამიცვლია. გაგვიმარჯვია და გავიმარჯვებთ, ღირსებით, სიმართლით და ერთობით. დიდება საქართველოს, მადლობა წალენჯიხას!” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.




