„მადლობა სენაკის მერს გვერდში დგომისთვის“ – სენაკელი მოქალაქე

11-13 იანვრის სტიქიამ სენაკის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად დააზიანა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა, საცხოვრებელი სახლები.
სტიქიის პირველივე წუთებიდან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, შესაბამისი სამსახურების წარმომადგნელებთან ერთად, შექმნილ ვითარებას ადგილზე ეცნობოდა, დაზარალებულ მოქალაქეებს დახმარებას უწევდა.
24 საათიან რეჟიმში, ძლიერი ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისაგან იწმინდებოდა ჩახერგილი გზები, ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდებოდა მყისიერი რეაგირება. მერიაში შეიქმნა ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისია, რეაგირების ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 24 საათიან რეჟიმში, ახორციელებდნენ მონიტორინგს.
პარალელურად, დაიწყო ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა, მრავალბინიანი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულების შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის მყისიერი რეაგირების შედეგად, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის სენაკის მუნიციპალიტეტს 1 580 000 ლარი გამოეყო, ხოლო სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების კომპენსაციისთვის – 208 000 ლარი. კომპენსაცია 318-მა დაზარალებულმა ოჯახმა მიიღო.
ამ მძიმე დღეებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას თანადგომაზე, ადამიანურ დამოკიდებულებასა და მყისიერ რეაგირებაზე მადლიერებას არაერთი დაზარალებული მოქალაქე გამოხატავს:
„ჩემო მეგობრებო და ახლობლებო, მოგახსენებთ, რომ ჩვენი ლამაზი სახლი, რომელიც სენაკში გვქონდა, სტიქიამ დაგვინგრია. გვერდში დაგვიდგა ქალაქის მერი, ვახტანგ გადელია, რომელსაც მინდა ოჯახის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო გულითადი დახმარებისთვის. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა და წარმატება ამ კეთილ საქმეში თქვენ გუნდთან ერთად, მადლობა სენაკის მუნიციპალიტეტის მერიას ოპერატიული მუშაობისთვის” – წერს სოციალურ ქსელში სტიქიისგან დაზარალებული მოქალაქე, გვანცა ჭანტურია.
„მართლა არ ველოდით ასეთ გვერდში დგომას. რა ბედნიერებაა, როცა არსებობენ ასეთი ადამიანები. მიხარია, რომ სენაკს ასეთი კარგი, მზრუნველი და ყურადღებიანი მერი ყავს“ – სოფო ჭანტურია.




