ბადრი ესებუას აყვანა სოფელ ჯიხაშკარში მოხდა

STV-ის ინფორმაციით, ბადრი ესებუას დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ჯიხაშკარში მოქალაქე ო.ჯ-ს საცხოვრებელ სახლში მოახდინა. ამჟამად ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
ბადრი ესებუა გამთენიისას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული ესებუა ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და იქ მყოფი პირები მძევლად აიყვანა. ბანკის ფილიალში მყოფი თავდამსხმელის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მოხდა სამართალდამცველების მობილიზება და დაიწყო გადაუდებელი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები. პოლიციის მიერ ჩატარებული შესაბამისი ღონისძიებების შედეგად, მოხდა მძევლების გათავისუფლება. დამნაშავე მიიმალა.
დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.




