იაპონიის საელჩო მესტიას საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუძენს

იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენას გულისხმობს.
დაფინანსება შესაძლებელს გახდის დაბა მესტიაში და ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში 2023 წლიდან ამოქმედდეს პირველი საზოგადოებრივი ავტობუსი, რომელიც მოემსახურება ადგილობრივ მოსახლეობას და მესტიის სტუმრებს. იაპონიის საელჩოს გრანტის მოცულობა 72 600 აშშ დოლარია. პროექტს თანადაფინანსებას გაუწევს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია.
საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს იაპონიის ელჩმა საქართველოში – იმამურა აკირამ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა – კაპიტონ ჟორჟოლიანმა.




