USAID-ის მხარდაჭერით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში $24 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდება

დღეიდან საქართველოში USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში ახალი ხუთწლიანი გეგმის განხორციელება დაიწყო. პროგრამის პრეზენტაცია დღეს გორში გაიმართა, სადაც აღინიშნა, რომ 5 წლის განმავლობაში აშშ ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო $ 24 მლნ-ს აღნიშნულ ლოკაციებზე მცხოვრები ხალხის მდგომარეობას გააუმჯობესებს. ღონისძიებაზე პროგრამის პრეზენტაცია USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების მიმართულებით, ერინ მაქიიმ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ აშშ საქართველოსთან პარტნიორობის ფარგლებში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიმართ ერთგულებას ადასტურებს.
“აშშ-ს მთავრობა 30 წელზე მეტია მხარს უჭერს საქართველოს კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. USAID ამაყობს საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით. ეს ხელს უწყობს ინკლუზიურ, მდგრად განვითარებას და კერძო სექტორის საშუალებით მოსახლეობისათვის დივერსიფიცირებული დასაქმების შესაძლებლობებს,” -აღნიშნა მან.
პროგრამის პრეზენტაციას მთავრობის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები, ასევე USAID-ის მხარდაჭერილი პროექტების ავტორებიც ესწრებოდნენ.
“პროგრამის ბიუჯეტი 24 მილიონი აშშ დოლარია, თუმცა, ეს მხარდაჭერა პროგრამის დასრულებამდე კიდევ გაიზრდება”, – აღნიშნა bm.ge -სთან საუბრისას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის ინფორმაციით, USAID-ის აღნიშნული დაფინანსება საქართველოში 90-ზე მეტ თემს გააძლიერებს, რაც თავის მხრივ მათი სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
“მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცემა გამოცადოს თავი ყველა სექტორში, დაეხმაროს ახალი შესაძლებლობების პოვნაში, საქართველოს „მწვანე ეკონომიკაში“ ჩართვაში, მაგალითად, მდგრადი ტექნოლოგიების განვითარების გზით გარემოსდაცვითი და სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.”-აღნიშნა ხანიშვილმა.
პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ იმ პროდუქციის გამოფენა მოეწყო, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა მეწარმეებმა სწორედ USAID-ის მხარდაჭერით წამოიწყეს და განავითარეს.




