ირაკლი კობახიძე: სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმება მარტივი არ იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ამ რეკომენდაციის შესრულების უზრუნველსაყოფად

იმედი გვაქვს [სახალხო დამცველობის კანდიდატზე] შეთანხმების მიღწევა მოხერხდება, თუმცა ეს მარტივი არ იქნება – იქნება ბულინგი, რაც უკვე დაწყებულია კონკრეტული პარტიების მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველობის კანდიდატების გასაუბრების პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
კითხვაზე, თავად ვის მიიჩნევს სახალხო დამცველის პოზიციაზე შესაფერის კანდიდატად, კობახიძე ამბობს, რომ მხოლოდ ნაწილობრივ მოუსმინა კანდიდატებს, რომელთაგან ბევრია თავისი პლუსებით და მინუსებით და საპარლამენტო უმრავლესობა საბოლოო პოზიციას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტიდან შეფასების მიღების შემდეგ ჩამოაყალიბებს.
„ჯერჯერობით გასაუბრების დასრულებას ველოდებით. თუ არ ვცდები, ხვალ დასრულდება, ამის შემდეგ უმრავლესობაში გვექნება განხილვა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება ჩვენი პრეფერენციები, ამის შემდეგ გვექნება კონსულტაციები ოპოზიციურ ძალებთან. მხოლოდ უმრავლესობა სახალხო დამცველს ვერ აირჩევს, გვჭირდება ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა. ამიტომ საჭირო იქნება კონსულტაციები. იმედი გვაქვს, შეთანხმების მიღწევა მოხერხდება, თუმცა ეს მარტივი არ იქნება. იქნება ბულინგი, რაც უკვე დაწყებულია კონკრეტული პარტიების მიმართ იმასთან დაკავშირებით, რომ გარდა სამი კანდიდატისა, მხარი არავის დაუჭირონ. ეს ბულინგი გაგრძელდება და ბევრი პარტია შეიძლება მოექცეს ამ ბულინგის გავლენის ქვეშ. აქედან გამომდინარე, მიზნის მიღწევა მარტივი არ იქნება. რადიკალურ ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს, რომ რამენაირად ჩააგდონ თუნდაც ერთი პუნქტის შესრულება. ეს ყველაზე მარტივი მისაღწევია ომბუდსმენის შემთხვევაში, გამომდინარე იქიდან, რომ 90 ხმაა საჭირო. ისინი ეცდებიან, რომ ეს პუნქტი ჩავარდეს, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ პუნქტის შესრულება უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: „ნაცმოძრაობა“ ეწინააღმდეგება ყველაფერს, მიუხედავად იმისა, იქნება ეს ევროპული ინსტიტუტები თუ ორგანიზაციები, თუ ისინი არ არიან მათ სამსახურში და არ ემსახურებიან მათ ინტერესებს

ირაკლი ჩიქოვანი – ქვეყანაში არეულობის შესაძლებლობა არ იქნება და ქართული საზოგადოება ყველაფერს პასუხს გასცემს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე


