ზუგდიდში, ფრანგულ პარკში საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა

ზუგდიდში, ფრანგულ პარკში საქართველოს ეროვნული გმირის გენო ადამიას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტის ავტორი მოქანდაკე ბადრი სხულუხიაა. ბიუსტის გახსნის ცერემონიალს ხელისუფლების წარმომადგნელები, ვეტერანები, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრებიან.
გენო ადამია 1991 წლიდან იყო აფხაზეთში ეროვნულ–განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე, ხოლო ე. წ. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების შემდეგ–სახალხო ლაშქრის რაზმების ერთ–ერთი ორგანიზატორი. შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისთანავე, 1992 წელს, გენო ადამიას დროშის ქვეშ მოხალისეებმა დაიწყეს შეგროვება ქალაქის მოსალოდნელი აგრესიისაგან დაცვის მიზნით, რომლის ბაზაზეც შეიქმნა საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადა. მალევე, დაწინაურდა და გენერალ-მაიორი გახდა.
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა გენერალმა, 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის შემდეგაც კი უარი თქვა დანებებაზე. მცირე ძალებით იგი განაგრძობდა წინააღმდეგობის გაწევას. გენერალ-მაიორი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს, მდინარე კელასურის ხიდთან დაიღუპა, როდესაც ის თანამებრძოლებთან ერთად ამ მიმართულებით პოზიციის გასამაგრებლად გაემართა.
2020 წლის 22 სექტემბერს გენო ადამიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. 1993 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ის დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით და 1994 წელს, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხისორდენით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.







