9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიის, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსა” და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტი და 9 აპრილს მოწამლული ზოია გრიგოლიას საფლავი. კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.





