სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს გმირებს

დღეს, სენაკში, პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას.
ხსოვნის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სენაკის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა, პირველმა მოადგილემ გრიგოლ ბაღათურიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბადრი კალანდარიშვილმა, აგვისტოს ომში დაღუპული სენაკელების ოჯახის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ხსოვნის მემორიალის შემკობის შემდეგ, დეკანოზმა იოანე კუპრეიშვილმა, წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში, აგვისტოს ომის მსხვერპლთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
13 წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. რუსეთის აგრესია, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მძიმედ სწორედ სენაკმა იწვნია.
ბრძოლის ველზე გმირულად დაეცნენ სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალები: თემურ ბოკუჩავა და ლევან თეფანია, ქალაქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამი მოქალაქე: მეირა ინჯგია, ჯონი და როლანდ ქარდავები. იყო მსხვერპლი სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზის დაბომბვისას.
,,მინდა განსაკუთრებული მოწიწება გამოვხატო ჩვენი დროის გმირი ჯარისკაცებისა და რუსეთის აგრესიას შეწირული მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ. ქედს ვიხრი მათი და, განსაკუთრებით, ამ უმძიმეს დღეებში დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნის წინაშე. მათი სახელები არასოდეს მიეცემა დავიწყებას” – აღნიშნა ლევან კუპრეიშვილმა.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომში და ავღანეთში, ISAF-ის მისიაში, დაღუპულთა ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.




