პარლამენტარი ირაკლი ხახუბია მიმდინარე პროექტებს გაეცნო ხობში, სენაკსა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტებში

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ირაკლი ხახუბიამ სენაკში ახლად რეაბილიტირებული აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი დაათვალიერა. თეატრს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ძეგლს და სენაკის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, უპრეცედენტო მასშტაბის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. თეატრის რეკონსტრუქცია „ქართუ” ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
რეაბილიტაციის ღირებულება 10 მილიონ ლარამდეა. უმაღლესი თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი თეატრი შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო დონის ფესტივალებსა და ღონისძიებებს.
ასევე მაჟორიტარი დეპუტატი ხობში იმყოფებოდა, სადაც ახლად გახსნილი ცენტრალური პარკი დაათვალიერა. ხობის ცენტრში პროექტის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა შემეცნებითი, სპორტული და გასაღტობი სივრცეები. პარკი ადაპტირებულია შშმ პირებზე. ცენტრალური პარკის მშენებლობაზე 2 390 000 ლარამდე დაიხარჯა.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა. რაც შეეხება შემდგომ ეტაპს, ირაკლი ხახუბიას განცხადებით, ხობის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ 595 ათასი ლარია. პროექტი სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში განხოხორციელდება.
პროექტი მთავარი მოედნის გაფართოებას, სანაპირო ზოლის მოწყობას, მინი სტადიონის, ველობილიკისა და ახალი საავტომობილო გზის დაგებას ითვალისწინებს.
საქართველოს პარლამენტის წევრი, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრს სტუმრობდა, სადაც საგანმანათლებლო პროცესს გაეცნო. სასწავლებელი ქვეყანაში სანავსადგურე პროფესიების განვითარებას ემსახურება და უახლოეს მომავალში საერთაშორისო და ადგილობრივ შრომის ბაზრებს მოთხოვნადი სპეციალისტებით მოამარაგებს, უზრუნველყოფს რეგიონის ლოგისტიკური ცენტრებისთვის კვალიფიციური კადრების მიწოდებას. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი ფოთის ფილიალი 1000 სტუდენტზეა გათვლილი.
ცენტრში თანამედროვე სიმულატორებით აღჭურვილი 10 ლაბორატორია მოეწყო. საზღვაო სასწავლებელი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2021 წლის შემოდგომიდან მიიღებს სტუდენტებს, 10-მა პროფესიულმა პროგრამამ უკვე გაიარა აკრედიტაცია. ასევე ირაკლი ხახუბიამ ფოთში ახალი საფეხბურთო სტადიონი დაათვალიერა.
ფოთში ცენტრალური საფეხბურთო მოედნის პირველი და მეორე ეტაპის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში დაიგო ბუნებრივსაფარიანი მოედანი და აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. როგორც ირაკლი ხახუბიამ განაცხადა ქალაქში სპორტული ინფრასტრუქტურა, ფეხბურთში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისთვის აქტიურად ეწყობა, რომელიც 2023 წელს თბილისსა და ბათუმთან ერთად ფოთშიც ჩატარდება.
მაჟორიტარი დეპუტატი ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის სამშენებლო პროცესს გაეცნო სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსი დიდი და მცირე საცურაო აუზისგან შედგება, საცურაო სივრცეში განთავსდა 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსი ასევე შედგება სპორტული მოედნისგან, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ფიტნეს დარბაზისგან. კომპლექსში გათვალისწინებულია საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის. ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.







