„იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ – ფორუმი „სამოქალაქო ბიუჯეტი სამეგრელოს რეგიონში“ ზუგდიდში გაიმართა

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში, პროექტის „იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ ფარგლებში, ფორუმი „სამოქალაქო ბიუჯეტი სამეგრელოს რეგიონში“ გაიმართა.
ფორუმზე სამოქალაქო ბიუჯეტის, როგორც მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ ეფექტურ მექანიზმზე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მის დანერგვასა და გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.
ფორუმში მონაწილეობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, „სოლიდარობის ფონდი PL საქართველოში“ პროგრამის „მონაწილეობის აკადემიის“ სასწავლო სესიის მონაწილეებმა და მოქალაქეებმა მიიღეს.
პროექტი „იყავი აქტიური, იყავი ჩართული“ პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის გაზრდას ჩართულობის მექანიზმების შესახებ, ტრენინგებისა და საინფორმაციო კამპანიის გზით. ასევე სამოქალაქო ბიუჯეტის მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობას წალენჯიხასა და ხობში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.




