მიხეილ ჩხენკელმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის ახლადაშენებული სკოლა მოინახულა

- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლას ეწვია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ახლადაშენებული სკოლის შენობა მოინახულა. პროექტი მთლიანად ამ უწყების მიერ არის დაფინანსებული.
„მოხარული ვარ, რომ ბავშვები ახალ სასწავლო წელს შეხვდებიან თანამედროვე გარემოში. სკოლა აღჭურვილია კომპიუტერული ლაბორატორიებით, თანამედროვე ტექნოლოგიებით. აქ სწავლისთვის ყველა პირობაა შექმნილი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ანალოგიური პროექტები – ახალი სკოლების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია – მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე, მათ განათლებაზე ზრუნვა ჩვენი ხელისუფლების უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა მინისტრმა.
სოფელ ეწერის თანამედროვე სტანდარტების სკოლა მზად არის 2020-2021 სასწავლო წლისთვის მოსწავლეების მისაღებად. იგი 120 მოსწავლეზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის. სკოლის ეზოში მოეწყო სპორტული მოედანი. პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 2.2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.







