გვიან ღამით ტრაილერის მძღოლებმა ფოთში საპროტესტო აქცია გამართეს

წუხელ, გვიან ღამით ტრაილერის მძღოლებმა ფოთში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ის რეგულაციები გაპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთისას, სწრაფი ტესტის გაკეთების შემდეგ, 72 საათში განმეორებით, თავისივე ფინანსური სახსრებით უნდა გამოცხადდნენ საკარანტინო ზონაში განმეორებითი ტესტის გასაკეთებლად.
მძღოლების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მათ არ უწევთ საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება, ევალებათ 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა. ეს კი მათ დამატებით პრობლემას უქმნით.
მძღოლებს ფოთის მერი გოჩა კურდღელია შეხვდა. მისი თქმით, მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ დასმული საკითხები შესაბამისი სტრუქტურების მიერ უმოკლეს ვადაში იქნება განხილული და საკითხი გადაიჭრება ისე, რომ ყველა მხარის ინტერესი იქნას გათვალისწინებული.




