რა სასჯელი ემუქრება ბოტანიკურ ბაღში სანათების დააზიანებისთვის დაკავებულ პირს?

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში 7 სანათი ერთ-ერთმა ვიზიტორმა დააზიანა, რომელიც ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე მაშინ დააკავეს, როცა ის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას ტოვებდა. ამის შესახებ STV-ს შსს-ში განუცხადეს.
„არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა და რატომ დაამტვრია სანათები. ჩემმა თანამშრომლებმა ნახეს, თუ როგორ აზიანებდა ახალგაზრდა მამაკაცი მათ. დაურეკეს პოლიციას და ის მაშინ დააკავეს, როდესაც ბოტანიკურ ბაღს ტოვებდა“,- აცხადებს ბოტანიკური ბაღის დირექტორი ზვიად ქარჩავა.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რომელიც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია . ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ პირს ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.




