სენაკის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

სასტუმრო ,,ვერსალში’’, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის 2019 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წევრები, მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების, სტრუქტურული ერთეულებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
2019 წელი სენაკის მუნიციპალიტეტისთვის გამორჩეულია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მასშტაბურობით.
განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულებამ 16 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.
გზების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა – 5 მილიონ ლარზე მეტი.
ასფალტის საფარი პირველად დაიგო ქალაქის 12 ქუჩაზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოეწყო 17 კილომეტრამდე საავტომობილო გზა.
ამ ეტაპზე, გოლასკურის უბანში მიმდინარეობს 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მოწყობის პროცესი, ღირებულებით – 2 365 000 ლარი.
კულტურული მემკვიდრეობის ორ ძეგლზე – ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალსა და აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აქტიურად ხორციელდება მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები.
2019 წელს, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობაზე, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებსა და მრავალბინიანი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 796 780 ლარი.
ქალაქს ოთხი განახლებული სპორტული მინი მოედანი შეემატა, რეაბილიტირდა ცენტრალური სტადიონი, რისთვისაც 350 000 ლარი დაიხარჯა.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაციისთვის გაწეულმა ხარჯმა 1 410 000 ლარი შეადგინა.
სტიქიის პრევენციის სამუშაოებისთვის – 420 000, ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის – 123 418, გაზიფიცირების სამუშაოებზე კი – 5 601 225 ლარი დაიხარჯა.
გაზმომარაგების პრობლემა ქალაქად – 694, სოფლად კი – 389 აბონენტს მოუგვარდა.
დიოდური სანათები დამონტაჟდა ქალაქის 40-ზე მეტ ქუჩაზე, სულ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით – 15 კმ-ზე, რისთვისაც დაიხარჯა 32 000 ლარი.
ქალაქად და სოფლად ამოიწმინდა 2 450 გრძივი მეტრი, ხოლო გაიჭრა 600 გრძივი მეტრი სანიაღვრე არხი.
გარე-განათების ქსელის მოწყობასა და მოვლა-პატრონობაზე სულ 125 200 ლარი დაიხარჯა.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩა და განხორციელდა 193 ინფრასტრუქტურული პროექტი, ღირებულებით – 738 000 ლარი.
მიმდინარე წელს, რეაბილიტირდა 10 საჯარო სკოლა. 10 წლის შემდეგ, სასწავლო პროცესი განახლდა სენაკის მესამე საჯარო სკოლის მეორე კორპუსში. სასწავლო პროცესი ასევე სრული დატვირთვით განახლდა კოტიანეთის საუკუნოვან საჯარო სკოლაში.
სკოლების რეაბილიტაციისთვის დაიხარჯა 450 378 ლარი, ხოლო საბავშვო და ბაგა-ბაღებში ჩატარებული შენობების სარემონტო სამუშაოების ღირებულებამ 13 815 ლარი შეადგინა.
დასრულდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოები, ღირებულებით – 249 950 ლარი.
რეაბილიტირდა ეკის, ზანის, ნოსირის, ზემო ფოცხოს საექიმო ამბულატორიები, ღირებულებით – 153 000 ლარი.
2019 წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200 545 ლარის სამელიორაციო და დაშრობითი სამუშაოები განხორციელდა.
მიმდინარე წელს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებიდან გაწეულმა ხარჯმა 610 665 ლარი შეადგინა.
მუნიციპალიტეტის მერმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარლამენტის წევრის, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ბერაიას წვლილს მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ. ლევან კუპრეიშვილმა თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა მოსახლეობას, საკრებულოს დეპუტატებს, მერიის სამსახურებისა და მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებს.
,,თვითმმართელობაში მოსვლის დღიდან, ჩემს გუნდთან ერთად, მთელი ძალისხმევით შევუდექი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების უმნიშვნელოვანესი პრობლემებისა და საჭიროებების შესწავლას, გამოკვეთას და ჩვენი საქმიანობის ამ მიმართულებით წარმართვას.
ჩვენი საქმიანობისთვის წარმმართველი და პრიორიტეტულია საზოგადოებასთან მუდმივი კავშირი, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლებობებზე ხალხთან ღიად საუბარი.
წინ კიდევ ბევრი გამოწვევაა, 2020 წლიდან აქტიურად გაგრძელდება ძირეული ძვრები ეკონომიკური გაჯანსაღების, კონკურენტუნარიანი მასშტაბური პროექტების განხორციელების, ძლიერი ბიზნესგარემოს ფორმირების, ინვესტიციების მოზიდვის, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ყველა სხვა სეგმენტის განახლებისა და წინსვლის თვალსაზრისით.“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ლევან კუპრეიშვილმა და ნაყოფიერი, წარმატებული დამდეგი შობა-ახალი წელი უსურვა სენაკს, სენაკელებსა და სრულიად საქართველოს.




