არჩილ თალაკვაძე – ყველა მონაცემებით, გეგა შენგელია ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიაში ამიტომ იმატა დაძაბულობამ

ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობა არის, რომ ეს არჩევნები თავისუფალ, მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს და ამას აუცილებლად შევასრულებთ, არავის მივცემთ უფლებას, საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს მიაყენოს ჩრდილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ყველა მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატი გეგა შენგელიას არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვების შესაძლებლობა აქვს.
„ჩვენი ინფორმაციით, ზუსტად ანალოგიური მონაცემები აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ თავის კვლევებში და სწორედ ამიტომ მათ ოფისში, მათ კამპანიაში ბოლო დღეებში იმატა დაძაბულობამ. მათ აქვთ მონაცემები, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს გეგა შენგელიას მაღალი აქტივობის შემთხვევაში აქვს პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი. სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ გაყალბებული მონაცემებით, პროპაგანდის გზით, რეალობის შეცვლით და გადაკეთებით წინასწარ შეამზადონ ფონი და საზოგადოება დაარწმუნონ იმაში, თითქოს მათ კანდიდატს აქვს რეალურად მაღალი მხარდაჭერა ზუგდიდში. ეს არ არის ყველაფერი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ მობილიზებული ჰყავს ბევრი აქტივისტი ზუგდიდში და ისინი გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია იქნება ზონდერობა.
„ზოგიერთი მათგანი იქნება დამკვირვებლის სტატუსით, ზოგიერთი მათგანი იქნება ახლად შექმნილი მედიასაშუალების სტატუსით და ამ ადამიანების გამოყენებით ისინი ეცდებიან, რომ შექმნან დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენონ ამ შუალედურ არჩევნებს. ამას ადასტურებს ისიც, რომ მათი არაერთი ლიდერი პირდაპირ აცხადებს, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია ცვლილებების მიღწევა და ისინი ფაქტობრივად პირდაპირ მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს არეულობისა და დესტაბილიზაციისკენ, წინასწარ ახდენენ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ამას ემსახურებოდა ამ დღეებში საარჩევნო ადმინისტრაციაზე მიტანილი იერიშიც“. რეალურად მათი მიზანი არის პროცესის ჩაშლა. ისინი გადადიან პროცესის ჩაშლის ტაქტიკაზე, ვინაიდან უკვე მათაც აქვთ ხელთ მონაცემი, რომლის მიხედვითაც გეგა შენგელია მაღალი აქტივობის შემთხვევაში პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ზუგდიდში ატარებს მშვიდ, საქმიან წინასაარჩევნო კამპანიას, ხვდება თითოეულ თანამოქალაქეს პირისპირ, კამპანია მიმდინარეობს ნორმალურ თავისუფალ გარემოში, რჩება არეულობის ერთი ადგილი, სადაც ნამდვილად არის არეულობა, ნამდვილად არის აგრესია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და მათი კამპანია.
„გვსურს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ მივმართოთ და ვთხოვოთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და დიპლომატიური კორპუსს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდში შუალედური არჩევნების, წინასაარჩევნო კამპანიის პროცესს და გააკეთონ შეფასებები, რომელიც გამორიცხავს საბოლოო ჯამში სპეკულაციებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და შეამცირებს დაძაბულობას, რომელსაც ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“. დასასრულს, კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენი კამპანია მშვიდ, თავისუფალ გარემოში მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს საქმიანი პროგრამა და თითოეულ უბანში ქალაქის, მუნიციპალიტეტის სოფლებში კონკრეტული საკითხების გადაწყვეტას ვთავაზობთ საზოგადოებას. ჩვენი მიზანი და პასუხისმგებლობა არის, რომ ეს არჩევნები თავისუფალ, მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარდეს და ამას აუცილებლად შევასრულებთ. არავის მივცემთ უფლებას, რომ საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებს მიაყენოს ჩრდილი და თითოეულ შემთხვევაზე, სადაც მოხდება წითელი ხაზების გადაკვეთა, სადაც შესაძლოა, დაირღვეს კანონი, იქნება სამართლებრივი რეაგირება“, – აღნიშნა თალაკვაძემ.




