დავით ცინცაძე – უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენით, როდესაც სცენაზე დავდექით

“უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა ვიგრძენით, როდესაც სცენაზე დავდექით სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად. ვიგრძენით თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის სწორედ იმ მესიჯის გაჟღერება, რომელსაც ოთო ნემსაძე წარმოადგენს “ევროვიზიაზე”,-განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ.
“ეს არის მომენტი, როცა ადამიანები იცნობენ პირისპირ კონკურსანტს. მასთან იღებენ ფოტოებს, მასთან საუბრობენ, მედიისთვის არის საშუალება , რომ გაესაუბრონ ყველა კონკურსანტს და გაიგონ, ვის რისი თქმა უნდა “ევროვიზიაზე”-დასძენს ანსამბლ “შავნაბადას” ერთ-ერთი სოლისტი და ტელეწამყვანი მიშო ჯავახიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ქართველ მომღერალს, ოთო ნემსაძეს “ევროვიზია 2019”-ის კონკურსზე პარტნიორობას სწორედ აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლი “შავნაბადა” უწევს.
ცნობისთვის, ქართველი კონკურსანტი ოთო ნემსაძე ანსამბლ “შავნაბადასთან” ერთად ექსპო თელ-ავივის სცენაზე, 14 მაისს ნახევარფინალურ შოუზე მე-11 ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას – „სულ წინ იარე“.
ევროვიზიის სიმღერის რიგით 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. კონკურსში წელს 41 ქვეყანა მონაწილეობს. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია 14, 16 და 18 მაისს, 23:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში განხორციელდება.




