კამპანიას “აჩუქე წიგნი” – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი შეუერთდა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, მწერალ გიორგი კეკელიძისა და „ანაგრამას“ ინიციატივას – 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღედ დამკვიდრდეს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა შეუერთდნენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრში მოეწყო ღონისძიება – “ვაჩუქოთ ბიბლიოთეკას წიგნები”, რომლის ფარგლებში,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო მოხელეებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის და საზოგადოების წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს.
აღნიშნულ ინიციატივას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ორგანიზება მერიის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურმა გაუწია.
კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაციაა.




