რულოვსი ნდობით აღჭურვილ პირად ალექსანდრე ქობალიას ასახელებს – რა ხდება “ნაციონალებში”?

“ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდიში სანდრა რულოვსის ზუგდიდის მერობის კანდიდატად წარდგენის ოფიციალური ცერემონიალის გადადების შემდეგ გადაწყვიტა სამომავლო გეგმებზე ემსჯელა. თითქმის მთელი დღე თავად რულოვსმა პარტიის ოფისში დაჰყო. როგორც STV-ს სანდო წყარომ განუცხადა, “ნაციონალებში” უკმაყოფილება და დიდი გაურკვევლობაა. მიზეზად, სანდრა რულოვსის მიერ სანდო პირად ზუგდიდის ყოფილი გამგებლის, ალექსანდრე ქობალიას დასახელება სახელდება.
“სანდრა დღეს მთელი დღე ოფისში იმყოფებოდა. წარდგენა გადადეს, რადგან შეხვედრისთვის საკმაო რაოდენობის ხალხს ვერ მოუყარეს თავი. არც იციან ჯერ როდის იქნება ცერემონიალი. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ეძებენ მხოლოდ დახურულ სივრცეს და შეხვედრის გაკეთება არ უნდათ გარეთ, თუნდაც დადიანების სასახლის ეზოში, როგორც ეს “ოცნებამ” გააკეთა დღეს.
სანდრამ აქტივს განუცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში თავისთავად ის იქნება მერი და ვიცე მერის პოსტს დაიკავებს ზუგდიდის ყოფილი გამგებელი ალექსანდრე ქობალია. ამან კი აქტივში დაბნეულობა და უსიამოვნება გამოიწვია. ცნობილი ფაქტია ის, რომ “ნაციონალები” ზუგდიდში” ორად არიან დაყოფილი: ქობალიას ჯგუფი და წითლიძე-კონჯარიას ჯგუფი. წითლიძე-კონჯარიას ჯგუფი სულ სხვაა და მას არანაირი საერთო არ აქვს ქობალიას ჯგუფღან. უნდა აღინიშნოს ის რომ ქობალიას ჯგუფი 4-5 ადამიანია მხოლოდ”,- აცხადებს STV-ს წყარო, რომელიც საკუთარი ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებს.
STV-თვის ცნობილი ხდება ისიც, რომ სანდრა რულოვსმა ჩაწერა ალექსანდრე ქობალიას საცხოვრებელი სახლის მისამართზე, ლევან ქობალიას ქუჩაზე გააკეთა. ის ამჟამად ამავე მისამართზე ცხოვრობს.
ცნობისთვის, სანდრა რულოვსი ზუგდიდის ყოფილი გამგებლის ალექსანდრე ქობალიას უფროსი შვილის ნათლიაა.




