ენგურის უბანში წელს ზუგდიდის მერია მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან ერთად ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში (ე.წ. კომბინატის დასახლება) საავადმყოფოს შენობა დაათვალიერა.
სახელმწიფო რწმუნებულს, დაწესებულების ხელმძღვანელმა დაზმირ ცანავამ საავადმყოფოს აღდგენის გეგმა გააცნო. ამჟამად აქ მხოლოდ პოლიკლინიკა ფუნქციონირებს, ხოლო საავადმყოფო რამდენიმე წელია დახურულია. დაზმირ ცანავას განცხადებით, საავადმყოფოს აღდგენის საკითხზე მას მოლაპარაკებები უცხოელ ინვესტორებთან აქვს.
ალექსანდრე მოწერელიამ ენგურის დასხლებაში მდებარე ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა და შესაბამის სამსახურის წარმომადგენლებს მისი მოწესრიგება დაავალა.
ენგურის უბანში წელს ზუგდიდის მერია მასშტაბურ პროექტებს ახორციელებს, მთლიანად ახალი გზა იგება თამარ მეფის ქუჩის სრულ პერიმეტრზე. თამარ მეფის ქუჩის გარდა ენგურის დასახლებაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელაიას და ჯანაშიას ქუჩებს. გზის საფარის დაგებასთან ერთად მოხდება სანიაღვრეების და ტროტუარების მოწესრიგება.
ამასთან ენგურის დასახლებაში, ექვსი ეზოს კეთილმოწყობისთვის მერიას ტენდერი გამოცხადებული აქვს, რისთვისაც 900 ათას ლარამდე იხარჯება. ამავე დასახლებაში მოეწყობა ახალი საბავშვო-გასართობი მოედანი.




