ფოთის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ფოთის კანალიზაციის სისტემის და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება საქართველოს რეგიონებში წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, ფოთში წყალარინების ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.
სამუშაოების, ADB-ის მისიასთან ერთად, ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა გაეცნენ.
„ფოთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, სამუშაოები შეფერხებით მიმდინარეობდა, თუმცა, დღეს კომპანიისგან მივიღეთ გარანტიები, რომ პროექტი სწრაფი ტემპით გაგრძელდება და კომპანია ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ სამუშაოებს. პარალელურად მას მიჰყვება გზების რეაბილიტაცია, რაც ასევე წლების განმავლობაში მოუგვარებელია ქალაქ ფოთში“- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
დღემდე, ფოთის მოსახლეობის 60% კანალიზაციის სისტემით ვერ სარგებლობს, ამორტიზებულია და არ ფუნქციონირებს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობაც. 2020 წლიდან, მასშტაბური სამუშაოების დასრულების შედეგად, 55 ათასზე მეტი ადამიანის პრობლემები საბოლოოდ მოგვარდება და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
„მუდმივად ვატარებთ მონიტორინგს მიმდინარე პროექტებზე. ამჟამად ხორციელდება წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია. დღეის მდგომარეობით, ადგილზე მუშაობს ჰოლანდიური კონტრაქტორი კომპანიის ოთხი ჯგუფი, სამუშაოებში ჩართულია ქართული მუშახელიც. ფოთში ასევე, მიმდინარეობს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც. ვიმედოვნებთ და ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ ორივე პროექტი დროულად დასრულდეს“.-განაცხადა ეკატერინე გალდავამ.
მიმდინარე პროექტები ითვალისწინებს 145 კმ ქსელის მოწყობასა და 28 ერთეული სატუმბი სადგურის მშენებლობას. აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. სამუშაოებს ADB-ი 130 მილიონ ლარზე მეტით აფინანსებს.




