ფოთში ნარჩენების მართვაზე კონტროლს “სერვისების ცენტრი“ განახორციელებს

ნარჩენების მართვის კუთხით ქვეყანაში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ქალაქ ფოთში ნარჩენების მართვაზე კონტროლს ა(ა)იპ „ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“ განახორციელებს.
საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და დამუშავება უნდა განხორციელდეს ნარჩენების სახეობების, მახასიათებლებისა და შემადგენლობების მიხედვით, ისე, რომ შემდგომ დაბრკოლება არ შეექმნას აღდგენას. ასევე ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ნარჩენების წარმომქმნელი და ნარჩენების მლობელი ვალდებულია, ნარჩენები თავად დაამუშაოს ან შეგროვების, ტრანსპორტირების და დამუშავების მიზნით გადასცეს შესაბამის უფლებამოსილ პირებს ამავე კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის ოქტომბრის 04/141 ბრძანების შესაბამისად აღნიშნულ საკითხებზე კონტროლის განხორციელება დაევალა ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ფოთის მუნიციპალაიტეტის სერვისების ცენტრს“. ზემოაღნიშნული მოთხოვნების შესრულების მიზნით, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“-ს მიერ დაიგზავნა შესაბამისი შეტყობინებები საწარმოებს, რომელთაც მიეცათ გონივრული ვადა განახორციელონ არასახიფათო ნარჩენების სახეობების მიხედვით სეპარირება (დახარისხება) და შესაბამის კონტეინერებში განთავსება.
ა(ა)იპ „ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრი“-ს მიერ, ქალაქის მაშტაბით , ცენტრალურ ადგილებში განთავსდა ურნები შესაბამისი წარწერებით, რომელთა დახმარებით მოსახლეობას და ნარჩენების წარმომქმნელ პირებს, გაუადვილდებათ მოახდინონ ნარჩენების განთავსება კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის სრული დაცვით.




