მდინარე რიონზე ახალი ხიდის მშენებლობა იწყება

ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთი მაგისტრალის განახლებისა და მდინარე რიონზე ახალი ხიდის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედება იქნა განხილული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების განხილვას, რომელიც შპს-მ „გამა კონსალტინგი“ წარმოადგინა, ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები კონსტანტინე თოფურია და მამუკა პაპასკირი დაესწრნენ.
საქართველოს მთავრობის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიასა და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ფოთი-გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის განახლება და მდინარე რიონზე ახალი ხიდის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ახალი მაგისტრალის განვითარება 120 კმ/სთ სიჩქარის პირობებისთვის იქნება გათვალისწინებული.
პროექტზე ესპანური კომპანია ევროსტუდიოს-ხეტიანსა-პაიმა მუშაობს.
სამუშაოები ფინანსდება ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ.




