სოფელ ნაგებერაოში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ, ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან, ზვიად როსტომაშვილთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორთან, ალექსანდრე მოწერელიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საჯარო სკოლა ამჯერად, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერაოში გახსნა.
სკოლის თანამედროვე შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე სამ მილიონ ლარამდე დაიხარჯა. სკოლას განსაკუთრებულს ხდის რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი. სკოლა აღჭურვილია ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით.
სკოლის ძველი შენობა 1908 წლიდან ფუნქციონირებდა არასტანდარტულ ხის შენობაში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს განხორციელებულა.




