მინისტრი : მე-12 დღეა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, უკვე მე-12 დღეა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობა ფაქტობრივად სრულ იზოლაციაშია. ასე გამოეხმაურა ციხელაშვილი დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული საზღვრების ჩაკეტვასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეს არაჰუმანური ქმედებაა და არავის ინტერესებს არ ემსახურება. მინისტრი ამბობს, რომ ამ ფაქტით მოსახლეობა შეწუხებულია და არაერთი მიმართვა მიიღეს, რომ მათ საკვებ პროდუქტებზე წვდომის პრობლემა აქვთ.
“განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობის წინაშე არიან მოქალაქეები ცხინვალის რეგიონში, სადაც დიდთოვლობის გამო ტრანსკავკასიური მაგისტრალი ჩაკეტილია. შესაბამისად, მათ არ აქვთ წვდომა ელემენტარულ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე. სტუდენტებს ხელოვნურად აქვთ შეზღუდული წვდომა განათლებაზე, ისევე როგორც მოსახლეობის სხვა ნაწილს აქვს შეზღუდული წვდომა ვაჭრობაზე, რაც მათი ოჯახებისა და დანარჩენი მოსახლეობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. იმ დღიდან, როცა ამ ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე შეზღუდვები დაწესდა და ისედაც რთული გადაადგილება კიდევ უფრო გართულდა, პარტნიორებთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში ვართ ჩართული, რათა ეს პრობლემა მოვაგვაროთ და გადაადგილება აღდგეს. არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას არანაირი გამართლება არ აქვს, რადგან მდგომარეობა არაა ეპიდემიური და რაიმეთი უარესი წინა წლებთან შედარებით. პირიქით, გაუმჯობესებულია. ამიტომ, ეს არ არის ადექვატური საბაბი“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
ქეთევან ციხელაშვილი მოუწოდებს ცხინვალს და სოხუმს, გადახედონ უკანონო და არაჰუმანურ გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, მათი და პარტნიორების მხრიდან შეთავაზებულია აბსოლუტურად ყველა გზა და გამოსავალი, რათა მოსახლეობას საკვების პრობლემა არ შეექმნას.
მსგავსი სიახლეები

სუს: სახელმწიფოსთვის ძირითად საფრთხეს კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია წარმოადგენდა

ფოთის მერი – მე მხარი დავუჭირე ჩვენი ქალაქის აღმავლობას, წინსვლას და განვითარებას, რაც ამ რეალობაში მხოლოდ ერთადერთი უალტერნატივო გუნდის გამარჯვებით მიიღწევა


