ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს

გილოცავთ ახალ 2019 წელს! ვულოცავთ მთელ საქართველოს, ზუგდიდელებს, ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს. ჯანმრთელობას, წინსვლას, წარმატებებსა და მშვიდობას გისურვებთ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 2018 წელი განხორციელებული პროექტებითა და პროგრამებით ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული სხვადასხვა პროექტი განვახორციელეთ და ეს პრაქტიკა მომავალ წელსაც გაგრძელდება. 2018 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან შესრულდა და მიმდინარეობს 30 ინფრასტრუქტურული პროექტი, ღირებულებით 11 134 194 ლარი; ადგილობრივი ბიუჯეტიდან განხორციელდა და მიმდინარეობს 80 ინფრასტრუქტურული პროექტი, ღირებულებით 2 700 000 ლარამდე; სტიქიის ფონდით განხორციელდა და მიმდინარეობს 50 ინფრასტრუქტურული პროექტი, ღირებულებით 1 626 878 ლარი; რეაბილიტირდა სანიაღვრე არხები, წყალმომარაგების ქსელი, კეთილმოეწყო მრავალბინიანი სახლების ეზოები, განხორციელდა შიდა გზების რეაბილიტაცია, რეაბილიტირდა ხიდ-ბოგირები, მომავალ წელსაც გაგრძელდება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტების განხორციელება, რაც გულისხმობს ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას,წყალარინების ქსელების რეაბილიტაციასა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას.
25 უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცემა. პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება. აქტიურად მიმდინარეობს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და ზუგდიდის N2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. 2019 წელს ზუგდიდს რეაბილიტირებული საჭადრაკო სკოლა ექნება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობაა.
ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სასიკეთო ცვლილებების განხორციელებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ! ეს წელი საქართველოს გამთლიანების წელი ყოფილიყოს! მრავალ ახალ წელს დაესწარით!“
პატივისცემით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა




