“ნახვაწა” – საპრეზენტაციოდ შექმნილი მეგრული ბრენდი

ზუგდიდელი სტუდენტი, ლაშა კვარაცხელია მეგრული ბრენდის “ნახვაწას” პრეზენტაციისთვის ემზადება. როგორც STV-ს ახალგაზრდა სტუდენტმა განუცხადა, ის გეგმავს ნახვაწა, იგივე ღომის ქერქის დაფასოების იდეა სტარტაპში წარადგინოს, შემდეგ კი რეალობადაც აქციოს.
ლაშა კვარაცხელია ზუგდიდელია, თუმცა ის სწავლა-განათლებას საქართველოს უნივერსიტეტში იღებს. ლაშამ საკუთარი იდეის შესახებ პირველად თანაკურსელებს და ლექტორს გააცნო. მათ ლაშას იდეა მოიწონეს და სოციალურ ქსელშიც გააზიარეს. იდეის სოციალურ ქსელში გაზიარების შემდეგ მალევე გახდა პოპულარული.
“მეგრული ჩიფსის” ავტორი ფიქრობს თუ როგორ აქციოს საკუთარი იდეა რეალობად.
“ქართული ჩიფსის იდეა მომივიდა მაშინ , როდესაც ვამზადებდი უნივერსიტეტში სემესტრულ ნაშრომს , სადაც გვევალებოდა რაიმე პროდუქტის პიარ კამპანიის დაგეგმვა. გადავწყვიტე ქართულ და კერძოდ მეგრულ გასტრონომიაში ყველასათვის საყვარელი, ტრადიციული კერძისგან -ღომისგან დამემზადებინა ე.წ “ჩიფსი” სახელად “ნახვაწა”, რომელსაც თითოეული მეგრელი ( და არა მხოლოდ მეგრელი) აცმაცუნებს ღომის მირთმევის შემდეგ.
შემდგომ ეს იდეა დავხვეწე და წარვადგინე პრეზენტაციის სახით უნივერსიტეტში. პროდუქტმა ლექტროისა და აუდიტორიის მოწონება დაიმსახურა რის შედეგადაც გავრცელდა ინტერნეტში და საზოგადოების მოწონებაც დაიმსახურა. ამ ეტაპზე ვფიქრობ, თუ როგორ შეიძლება ვაქციო იდეა რეალობად “-ამბობს STV-სთან ლაშა კვარაცხელია.




