იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სენაკს ესტუმრა

დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სენაკს ესტუმრა. მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ალექსანდრე მოწერელიასთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, სენაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ბერაიასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან ლევან კუპრეიშვილთან, მერის პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, მერის მოადგილესთან კახაბერ კუპრეიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა.
იუსტიციის მინისტრი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, მშენებლობაზე დასაქმებულებს და სენაკელებს გაესაუბრა.
,,სენაკის იუსტიციის სახლი თავისი ინდივიდუალური სტილით იქნება ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობა. იგი არქიტექტურულად და ფუნქციურად დაამშვენებს და გააფართოვებს ქალაქის არეალს. სენაკშიც სამოქალაქო და საჯარო რეესტრის სამსახურები ერთ სივრცეში მოექცევა. აქვე განთავსდება ქორწინების სახლი და სასწავლო ცენტრი. სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის ერთ სივრცეში მიღება სენაკშიც იქნება შესაძლებელი.” – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.
იუსტიციის სახლის გახსნის შემდეგ სენაკელებს საშუალება მიეცემათ ,,ერთი ფანჯრის პრინციპით’’ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისებით, რომლის კონცეფცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს.




