ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში წარადგინა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ, კანონმდებლობის შესაბამისად,დღეს საქმიანობის ერთწლიანი ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა.
მაიზერ ნანავამ საქმიანობის ერთი წელი შეაჯამა და მერიის მუშაობის პრინციპებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, განხორციელებული პროექტებით ერთ-ერთი წარმატებული მუნიციპალიტეტია. მერია ახორციელებს მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ კულტურულ, საგანმანათლებლო, სპორტულ, სოციალურ, ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამებსა და პროექტებს.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მოცულობა 2018 წელს 47 669.4 ათას ლარს შეადგენს, მათ შორის საკუთარი შემოსავლები 35 668.4 ათასი ლარია.
მერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სოციალური და ჯანდაცვის სფეროა, რისთვისაც 2 026.6 ათასი ლარია გამოყოფილი.
მერიის სოციალური პროგრამებით 9 247 ბენეფიციარმა ისარგებლა, ჩატარდა ჯანდაცვის კომისიის 55 სხდომა, დაფინანსდა 2 991 მოქალაქე.
ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახისთვის სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, 19 ოჯახი კი ,,ერთი თბილი ოთახი“-ს პროექტშია ჩართული.
მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 7332.0 ათასი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3312,0 ათასი ლარი გამოიყო, 2018 წელს სულ დაფინანსდა 29 პროექტი; ჯამში ყველა პროექტის ღირებულებამ კი 10 584 372 ლარი შეადგინა.
გზა რეაბილიტირდა 22 ადმინისტრაციულ ერთეულში, პროექტების ღირებულებამ კი 7 65 3 530 ლარი შეადგინა.
წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 425 490 ლარი.
სანიაღვრე არხების რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 44 1735 ლარი.
მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობაზე დაიხარჯა 509311 ლარი.
განხორციელდა შიდა გზების რეაბილიტაცია, ღირებულებით 761 460 ლარი.
12 ადმინისტრაციულ ერთეულში მოიხრეშა 67 კმ სიგრძის გზა. ორმულად შეკეთდა 18 კმ.
რეაბილიტირდა 12 ხიდ-ბოგირი.
გრძელდება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პროექტების განხორციელება, რაც გულისხმობს ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას,წყალარინების ქსელების რეაბილიტაციასა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობას.
განათლების ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საჯარო სკოლების ფინანსური ხელშეწყობისა და რეაბილიტაციისათვის გამოიყო 236.6 ათასი ლარი.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის პროგრამის ფარგლებში გამოიყო 294.0 ათასი ლარი, სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების დაფინანსებისთვის 51.0 ათასი ლარი, სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის კი 1 280.0 ათასი ლარი.
აქტიურ რეჟიმში მუშაობდა ყველა ა(ა)იპ-ი და შპს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი
გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობაა. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტი არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, როგორიცაა: „კარდაკარ საჭიროებებზე,“ „უფრო ახლოს ხალხთან“ და სხვ. გამოიყენება მოქალაქეთა ჩართულობის ისეთი ფორმები, როგორიცაა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანო – მრჩეველთა საბჭო,“ „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ დონეზე მომუშავე საბჭო“ „დასახლების საერთო კრება.“
მუნიციპალიტეტისთვის მომავალ წელსაც კვლავ პრიორიტეტად რჩება ინფრასტრუქტურის განვითარება, კულტურა, სპორტი, განათლება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა.
ზუგდიდი მზარდი ეკონომიკისა და ყოველწლიური განვითარების პერსპექტივის მუნიციპალიტეტია და ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.
ანგარიშის წარდგენას მოქალაქეებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საკრებულოსა და არასამტავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




