ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ხვალ 19 თანამშრომელს დაემშვიდობება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან დაქვემდებარებულ ააიპ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ხვალიდან 19 თანამშრომელი დატოვებს. აღნიშნულის შესახებ არსებული ინფორმაცია STV-ს ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ზვიად ქარჩავამ დაუდასტურა. ქარჩავას განცხადებით, 19 თანამშრომელს ხვალ ეწურება მათთან დადებული ხელშეკრულება და აღარ გაუგრძელდებათ.
“ხვალ 19 თანამშრომელს ეწურება ხელშეკრულება და შესაბამისად ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია წყვეტს მათთან ურთიერთობას. ვინაიდან ბოტანიკური ბაღი არ საჭიროებს ამ ეტაპზე ამ ადამიანებს გაუგრძელდეთ ხელშეკრულება. სამომავლოდ თუ დაგვჭირდება მეტი თანამშრომელი, ჩვენ ისევ დავდებთ მათთან ახალ ხელშეკრულებებს, სავარაუდოდ მომავალი წლიდან”, -აცხადებს ზვიად ქარჩავა.
მისი განმარტებით, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში 26 თანამშრომლიდან მხოლოდ 8 დარჩება ადგილზე, მათ შორისაა ბოტანიკური ბაღის დირექტორი.
ბოტანიკური ბაღის დირექტორს ორშაბათიდან, ნაცვლად ორი მოადგილისა, მხოლოდ ერთი ეყოლება. ზვიად ქარჩავას განცხადებით, ხელშეკრულება ეწურება ასევე მის ერთ მოადგილეს, ნიკა ზარქუას, რომელიც სამსახურს დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ექსკლუზიური ინფორმაცია ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე მოვლენების შესახებ STV-მ რამდენიმე დღის წინ გააჟღერა.




