ზუგდიდში სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოჰყვა, დაშავებულია ეკიპაჟის წევრები

ზუგდიდში, ხუბულავას ქუჩაზე რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევა სასწრაფო დახმარების მანაქანას და მასში მსხდომ ეკიპაჟს შეემთხვა, რომლის შედეგადაც ექიმი და მედდა დაშავდა. როგორც stv-მ გაარკვია დამტვრეულია სამი მანქანა. შეჯახება ერთ-ერთ შუქნიშანთან მოხდა.
დაშავებული ექიმი და მედდა ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
“შემოყვანილია ორი პაციენტი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფებიან ემერჯენსში და უგრძელდებათ კვლევები და მკურნალობა”,-აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.



