ჩხოროწყუს მერმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია, მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მალანია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსი ნინო ჯომიდავა.
შეხვედრაზე ჩხოროწყუში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა განიხილეს. ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში, ისევე, როგორც მთელს ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების შემთხვევების ზრდა. ნინო ჯომიდავამ ხაზი გაუსვა ხალხმრავალი შეკრებების, სოციალური ღონისძიებების აკრძალვისა და COVID-19-ის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობას, ასევე, აღნიშნა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.
მერის წარმომადგენლებს დაევალათ ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველსაყოფად ადმინისტრაციულ ერთეულებში მონიტორინგის განხორციელება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ადმინისტრაციულ ერთულებში დაგეგმილი სამუშაოების დაწყების ვადები.
აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზადდება, სამუშაოები კი, მაისის თვიდან დაიწყება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრაზე ასევე სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.




