მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება – შეხვედრა-სემინარი სენაკის მერიაში

საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეგიდით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო (MSDA) ახორციელებს პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება’’.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ბიზნეს-ანალიტიკოსმა გვანცა სადილიანმა თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრა-სემინარს, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი, პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
25 თვიანი პროექტი ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი ელექტრონული სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
პროექტის მიზანს, ელექტრონული მმართველობის ერთიანი სტანდარტის შექმნის გზით, ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობისა და გამჭირვალობის გაზრდა წარმოადგენს, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს თვითმმართველობების გაძლიერებას, საქმის წარმოების გამჭვირვალე პროცესებს, ელექტრონულ სერვისებზე ონლაინ წვდომის შესაძლებლობას და შემცირებულ ბიუროკრატიას.
რეფორმის ფარგლებში დასანერგი ელექტრონული მოდულები ერთიანდება სამ ძირითად პლატფორმაში:
ms.gov.ge – ონლაინ განცხადებების მართვის სისტემა
mm.gov.ge – ერთიანი ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა
maps.gov.ge – გეოსივრცითი მონაცემების მართვის სისტემა
პროექტი„საქართველოს მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 11 ივნისის N1334 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს შორის 2019 წლის 16 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.




