სენაკში პრემიერა სპექტაკლისა ,,ძალად ექიმი’’ შედგა

სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში, აკაკი ხორავას სახელობის სენაკის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის ,,ძალად ექიმის’’ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა გაიმართა. მოლიერის უკვდავი კომედიის თანამედროვე რეალობასთან შერწყმული ვერსიის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი პეტრე ჩარგეიშვილია.
მარადიულ ტიპებად ქცეულ პერსონაჟებს ადგილობრივი დასის მსახიობები ორიგინალურად და შთამბეჭდავად ანსახიერებენ. საგულისხმოა, რომ დღევანდელ პრემიერას სიმბოლური დატვირთვა აქვს – 1881 წლის თებერვალში, დაბა ახალსენაკში, თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიერ წარმოდგენილ იქნა მოლიერის ,,ძალად ექიმი’’.
138 წლის წინ, ადგილობრივი ძალებით გამართული სწორედ ეს წარმოდგენა შეიქმნა სენაკის მდიდარი თეატრალური ტრადიციების ათვლის წერტილი. სპექტაკლს, რომლის დადგმაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა, თვითმმართელობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




