ჩხოროწყუში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა, სხვადასხვა სამსახურის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამშობლოს თავისუფლებისათვის თავდადებული გმირები და 9 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების მოსწავლეების მონაწილეობით მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია ,, მადლობა თავისუფლებისთვის” ჩატარდა.
ღონისძიების დასრულების შემდგომ,მემორიალთან შეკრებილებმა 9 აპრილს მოწამლულ ზოია გრიგოლაიას საფლავთან გადაინაცვლეს, დაანთეს სანთლები და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიამ, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით ადამიანი დაიჭრა და მხუთავი აირით მოიწამლა. 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.




