შენი თაროების მტვერი…

ცხოვრების ნორმალურ რიტმში გაგრძელების შიში ბევრს გამოუცდია – როცა ჰაერი არ გყოფნის და იხრჩობი, ყელში ბურთი გეჩხირება; როცა გგონია, რომ მზისქვეშეთში შენი ადგილი არ არის, ფიქრობ რომ შესაძლებლობების რეალიზებას ვერ ახდენ და ყოფითი პრობლემებით გადაღლილს, სხვა სამყაროში გადაბარგება გამოსავალი გგონია – ყველაზე ხელსაყრელი გამოსავალი. მერე მეზობლის ქალი ჩამოივლის, ფეხის წვერებზე დადგება და ღობიდან მოინდომებს შენი თაროების შეთვალიერებას, წინდაუხედაობით თხრილში თავით ეშვება.
უკანმოუხედავად გარბის ჭისკენ – ტალახს ხელის გულებით მოირეცხავს, სოფლის ხის სკამზე ჩამოჯდება და გამვლელს დაელოდება მოსაყოლი ამბების მარაგგამოლეული. შენ ისევ ზიხარ – ყელში ბურთგაჩხერილი და ვერ აცნობიერებ რომ ცხოვრება ძალიან მცირე დროა და ყველა დაბრკოლება კეთილი გარდაქმნების საწყისია, რომ ღმერთი ადამიანებს აძლევს შემთხვევითობის გამოყენების შანსს, ვიღაც იყენებს -ვიღაც ვერა. არ გჯერა ბედისწერის, არადა, ყველა ადამიანი დაგეგმილად ხვდება ერთმანეთს. ვერ აცნობიერებ, რომ ადამიანები, რომლებიც გვხვდებიან და კვალს ტოვებენ ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევითობას არ წარმოადგენენ.
ყველა ადამიანი მიდის ან მოდის საჭირო დროს -კონკრეტული მისიით. იმისთვის, რომ მასთან ურთიერთობით ვისწავლოთ რაღაც ახალი, დავაგროვოთ გამოცდილება და გადავიდეთ ცხოვრების ახალ ეტაპზე. რაც უნდა მოხდეს, ან არ უნდა მოხდეს – საკუთარ თავს დაუმეგობრდი და ცოვრების ნორმალურ რიტმში გაგრძელების შიში არასდროს შეგაწუხებს. ვერც დამტვერილი თაროების მტვრისგან გათავისუფლებას მოარხერხებს მეზობელი, ყველა ჯერზე თავით ჩაეშვება თხრილში. სულში ვერავინ შეგიძვრება. ვერავინ დაგილაგებს შფოთს.
არ გაექცე საკუთარ თავს. ნუ შეგეშინდება, განმარტოვდი და მიზანი დაისახე. წამოდგომისას – ფეხის წვერებზე მდგომი მეზობელი ისევ ღობიდან მოინდომებს შენი თაროების შეთვალიერებას, წინდაუხედაობით ისევ თხრილში თავით ჩაეშვება და ჩვეული მიმართულებით გააგრძელებს მოძრაობას – სოფლის ხის სკამზე გამვლელს დაელოდება გამოლეული ამბების მოსაყოლად…
- პაპუნა შუშანია
მსგავსი სიახლეები

თეა წულუკიანი: სააკაშვილო, ლედი აფრასიძე არის შენი განაჩენიც და სასჯელიც

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ინტელექტკლუბმა ვიქტორინა-კონკურსი „იცოდე შენი კუთხის ისტორია“ ფინალი გამართა


