“შენ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ხარ, აფხაზო!”- ღია წერილი ენგურსგადაღმა აფხაზს

ხობელი მამუკა ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში ღია წერილს აქვეყნებს ჰეშთეგით: #ღიაწერილი #ენგურსგადაღმა #აფხაზს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“მე ვსწავლობდი რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის უმაღლეს სასწავლებელში, ორიგინალში ვკითხულობდი, ტოლსტოის, ჩეხოვს, დოსტოევსკის… დღეს მე რუსულად არ ვკითხულობ, რუსულად არ ვსაუბრობ… არ გეგონოს შოვინისტი ვარ ან მიზანტროპი.. ვწვალობ და ჩემით ვსწავლობ აფხაზურს. (დადგება დრო, ჩემი შვილები და შვილიშვილები, თავიანთი აფხაზების, გამართული აფხაზურით იმეტყველებენ ასევე, შენი შვილები და შვილიშვილები მათივე, გამართული ქართულით)
ძალიან მინდა ენგურს გაღმა გადმოვიდე და ნებისმიერი, სხვა ,,სამოციქულო“ ენის გარეშე, ჩემს აფხაზ ძმებსა და დებს თქვენს ენაზე, ჩვენს საერთო ენაზე გადმოგცეთ, როგორც პირადი, ასევე ენგურს გამოღმა, აფხაზებისადმი არსებული სიყვარული. ჩვენს წარსულს და ჩვენს მომავალს ვერანაირი მტერი და ავის მსურველი ვერ წაშლის და წინ ვერ აღუდგება. არ არსებობს ძალა, რომელიც სამუდამო ბზარს გაუჩენს ჩვენს ეთმანეთისგან ნატკენ გულებს.
ჩვენ, ხომ ,,ვეფხის და მოყმის“ დედის წუხილზე და ცრემლზე, ჰუმანიზმზე და მიმტევებლობაზე გაზრდილები ვართ. მიუხედავად ერთმანეთისადმი მიყენებული ჭრილობისა, ისევ ჩვენ ვართ ქართველები და აფხაზები, ერთმანეთის ჭრილობის სალბუნიც, შვებაც და წამალიც, დიახ მხოლოდ ჩვენ, და არავინ სხვა, არც ერთი ერთაგანი და არც ერთი ქვეყანათაგანი.
შენ ჩემთვის ყველაზე ახლობელი ხარ და ყველაზე საიმედო, აფხაზო!
ჩვენი, ერთმანეთისადმი გაუმხელელი სიყვარულის და მიტევების და ერთიანობის გარეშე, არასრულყოფილია ჩვენი ცა, ჩვენი მიწა, ჩვენი ზღვა, ჩვენი მზე, აფხიარცაც და მრავალჟამიერიც, უერთმანეთოდ არასრულყოფილია ჩვენი სიცოცხლე, მთლიანად სამშობლო…
ვინებოთ, სრულყოფილების წადილმა, რომ გვძლიოს. შენთან შეხვედრის, ხელის ჩამორთმევის და კაცურ-კაცურად გადახვევის გაუნელებელი მოლოდინით ჩემო აფხაზო”-ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ღია წერილში.




